საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სამხედრო ისტორია [11]
სამხედრო ისტორია
საქართველოს ისტორიული დოკუმენტები და ნარკვევები [13]
საქართველოს ბრძოლოები [2]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
პარასკევი, 19-აპრილში-24, 23.07
Welcome Guest

Publisher

Main » Articles » ისტორია » სამხედრო ისტორია

ვინ გადასცა სოჭის ოლქი რუსეთს
ვინ გადასცა სოჭის ოლქი რუსეთს

 
1919 წლის თებერვლის დასაწყისი. სოჭის ქუჩებში უჩვეულო რამ შეინიშნება: -მოქალაქეთა უმეტესობა გარეთაა გამოსული, გამალებით იტვირთება ავტომანქანები და ეტლები, შეშფოთებული ქართველი მოსახლეობა ქალაქს ტოვებს... მოასწრებენ კი გაგრა-სოხუმისაკენ გამგზავრებას? ქვემეხებისა და შაშხანების სროლის ხმა თანდათან ახლოვდება... აი, უკვე გამოჩნდნენ ტუაფსედან უკანდახეული ქართული არმიის ქვედანაყოფები... ჯარისკაცთა მცირე ჯგუფი სარკმელჩალეწილი ფეშენებელური სასტუმრო "«კავკასიის რივიერის»" ახლოს გამაგრდა, მაგრამ მათ მტერი თანდათან ალყაში აქცევს, ტყვიამფრქვევის გრძელმა ჯერმა რამდენიმე უკვე მოცელა... ქალაქის ქართული ადმინისტრაცია იძულებულია ევაკუაცია მოახდინოს, მაგრამ ყველა ვერ ასწრებს... სამსაათიანი გააფთრებული და უთანასწორო ბრძოლის შემდეგ სოჭი დენიკინელებმა დაიკავეს.
მაინც რა მოხდა შავი ზღვის უმშვენიერეს კურორტზე? რატომ დაიკავა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სოჭი, ან რატომღა დატოვა შემოერთებული ტერიტორია?
სოჭი-ტუაფსე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
დღევანდელი სოჭი-ტუაფსეს რაიონი, როგორც ცნობილია, უძველესი დროიდანვე საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის - აფხაზეთის შემადგენლობაში შედიოდა. გავიხსენოთ, რომ ქართული მიწები შავი ზღვის ჩრდილოეთიდან - ნიკოფსიიდან იწყებოდა, მაგრამ ეს იყო მრავალი საუკუნის წინათ... კავკასიაში რუსეთის გაბატონების შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში აქ შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი, მოგვიანებით კი, 1896 წლის მაისში, ნიკოლოზ მეორის ბრძანებისამებრ, ეს ტერიტორია მოექცა ახალჩამოყალიბებულ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში, სამი ადმინისტრაციული ერთეულით - სოჭის, ტუაფსისა და ნოვოროსიისკის ოლქით (ოკრუგით). გუბერნიის ცენტრად ქალაქი ნოვოროსიისკი დადგინდა, ხოლო მისმა სამხრეთმა ადმინისტრაციულმა საზღვარმა სოხუმის ოკრუგთან (აფხაზეთთან) - მდინარე მზიმთაზე გაიარა. 1904 წლის 25 თებერვალს რუსეთის მთავრობამ ეს საზღვარი კიდევ უფრო სამხრეთით გადმოსწია - შავი ზღვის გუბერნიას შეუერთდა სოხუმის ოკრუგის ნაწილი გაგრის კლიმატური სადგურის მიმდებარე ტერიტორიებითურთ, სულ 150 ათასამდე დესეტინა მიწა - ტყეები და ალპური საძოვრები. ცხადია, საქართველოს პოლიტიკურ წრეებს პეტერბურგის ასეთი მოქმედება არ მოსწონებიათ, მაგრამ რადგანაც ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ცვლილება რუსეთის საიმპერატორო სახლთან დაახლოებული პიროვნების, გაგრის კლიმატური სადგურის დამაარსებლის პრინც ალექსანდრ ოლდენბურგის სურვილით მოხდა, ამიტომ ასეთი მდგომარეობა 1917 წლამდე შენარჩუნდა.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ კავკასიის სამეფისნაცვლოში ძალაუფლება ხელში აიღო ე.წ. «ოზაკომ»-მა (ოსობი ზაკავკაზსკი კომიტეტ). ამ ორგანოში მნიშვნელოვანი გავლენა სწორედ ქართველ პოლიტიკოსებს ჰქონდათ, ამიტომაც მათ აღარ დაახანეს და 1917 წლის 30 ოქტომბერს, სოხუმის ოკრუგის გლეხთა დეპუტატების აღმასკომისა და ადგილობრივი მეტყევეების შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც მხარს უჭერდნენ ძველი გაგრისა და სოფელ ალახაძის მცხოვრებნი, აღადგინეს ადმინისტრაციული საზღვრის ძველი, 1904 წლამდე არსებული მდგომარეობა. დადგენილებას ხელი მოაწერა "«ოზაკომ»-ის თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა (საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი - სცსსა, ფონდი 1818, აღწ.2, საქმე 135).

სოჭში შესვლის წინ: ბოლშევიკთა აჯანყება აფხაზეთში

1918 წლის მარტში გუდაუთის მაზრაში აფხაზმა ბოლშევიკებმა ეფრემ ეშბამ, ნესტორ ლაკობამ და სხვებმა, გამოიყენეს რა საბაბად მიწის რეფორმის არასწორი გატარება, ადგილობრივი გლეხობის ნაწილი (აფხაზები, სომხები, რუსები) ამიერკავკასიის სეიმისა (პარლამენტის) და კომისარიატის (მთავრობის) წინააღმდეგ ააჯანყეს და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს, ჩამოაყალიბეს რევკომი და საბჭოთა რუსეთთან შეერთების სურვილსაც არ მალავდნენ. აფხაზი ბოლშევიკების დაპირებებით მოხიბლულმა კარგად შეიარაღებულმა გლეხთა რაზმებმა, ჩრდილოკავკასიელი კომუნისტების დახმარებით, 26 მარტს ქალაქი სოხუმი დაიკავეს, რვა მაისს კი სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭომ მიიღო დადგენილება საბჭოთა რუსეთთან შეერთების თაობაზე. გარდა ამისა, ისინი უახლოეს მიზნად მიიჩნევდნენ ამიერკავკასიის კომისარიატის დამხობასაც. აფხაზი ბოლშევიკების ლოზუნგს - «მიწა გლეხებს» - წამოეგო სამურზაყანოს (გალის მაზრის) გლეხობის ნაწილიც, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. ასეთ პირობებში ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება სოხუმის ოკრუგში წესრიგის აღდგენის შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სეიმმა ეს დადგენილება მიიღო აფხაზთა სახალხო საბჭოს (სოხუმის ოლქის მმართველი ადგილობრივი ორგანოს) თხოვნით, რომელთა წევრები, გავლენიანი თავადები ალ. შერვაშიძე, ტ. მარშანია და სხვები, მართალია, თბილისისადმი დაქვემდებარების მომხრენი მაინცდამაინც არ იყვნენ (მათ მთიელთა რესპუბლიკასთან კავშირი უფრო იზიდავდათ), მაგრამ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად იმედის თვალი მაინც ქართველ მენშევიკებს მოაპყრეს.
აი, ამ დროს გამოდის საბრძოლო ასპარეზზე ქართველი მხედართმთავარი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. როგორც იგი იხსენებს თავის მოგონებებში, «...აპრილის შუა რიცხვებში, როცა ჩემი რაზმის შტაბი ჯერ კიდევ ნატანებში იყო, ჩემთან მოვიდა დეპუტაცია სოხუმიდან, რომელიც შედგებოდა სოხუმის მოურავისა და აფხაზთა სახალხო საბჭოს სამი წევრისაგან. მათ მომმართეს თხოვნით - გამეწმინდა ბოლშევიკებისაგან როგორც სოხუმი, ისე მთელი აფხაზეთი... დელეგაციას განვუცხადე, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემი კომპეტენციის გარეთაა და რომ აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე» (საქართველოს ეროვნული საბჭო - ს.კ.)
დასახული სამხედრო ამოცანის შესრულება - აფხაზეთში ანარქიის მოსპობა და წესრიგის დამყარება - საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახალხო გვარდიის უფროსს ვალიკო ჯუღელს დაავალა.
ბიოგრაფიული ცნობიდან: ვალიკო ჯუღელი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი. უშუალოდ მონაწილეობდა 1918-21 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლაში. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნდა 1924 წლის აჯანყების მოსამზადებლად, მაგრამ ჩეკამ დააპატიმრა და იმავე წლის აგვისტოში დახვრიტეს.
16 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის (ჩათვალე, საქართველოს. - ს.კ.) სამხედრო ძალები მდინარე კოდორს მიადგნენ. ვალიკო ჯუღელმა და პოლკოვნიკმა კონიაშვილმა ბოლშევიკებს ულტიმატუმი წაუყენეს, რათა საღამოს 5 საათამდე დაეყარათ იარაღი. აფხაზმა კომუნისტებმა ქართველებს საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს. გვარდიელებმა მძაფრი ბრძოლის შემდეგ კოდორის ხიდი დაიკავეს, მტერს უკან დაახევინეს და როგორც ჯუღელი ატყობინებდა დეპეშით თბილისს: «ხელში ჩავიგდეთ 10 ზარბაზანი, 7 ტყვიამფრქვევი და მრავალი ტყვე.» 17 მაისს ქართული სამხედრო ნაწილები სოხუმში შევიდნენ, რომლის მცხოვრებლები მათ ოვაციებით შეხვდნენ: «ბოლშევიკებს კიდევ დავატოვებინეთ 11 ზარბაზანი, 21 ტყვიამფრქვევი, დიდძალი ვინტოვკები. გარდა ამისა, ჩვენმა სამხედრო გემმა გუდაუთასთან დააკავა ბოლშევიკთა ხომალდი» (გაზეთი «ერთობა», 21 მაისი, 1918 წელი).
სწრაფად განვითარებული შეტევის წყალობით გვარდიამ გუდაუთა და ახალი ათონიც გაათავისუფლა. თუმცა არც აფხაზი ბოლშევიკები ისხდნენ გულხელდაკრეფილები და მათ დახმარებისათვის კვლავ ჩრდილოკავკასიელ კომუნისტებს მიმართეს (იმ დროისათვის უკვე გამოცხადებული იყო ყუბანისა და შავი ზღვის, საბჭოთა რესპუბლიკები). შესაბამისად, ქმედითი დახმარება ოპერატიულად მიიღეს - სოჭიდან ავტომანქანებით გადმოისროლეს დაახლოებით ორიათასკაციანი ქვედანაყოფი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დუშეთის მაზრაში ბოლშევიკების ხელმძღვანელობით დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად მთავრობამ გვარდიის ნაწილები სასწრაფოდ უკან გაიწვია, რის შედეგადაც გუდაუთაში დარჩა მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი, ანუ მთავრობის სამხედრო ძალები შესუსტდა. 18 ივნისს ბოლშევიკურმა რაზმებმა ქართველ გვარდიელებს ალყა შემოარტყეს და სროლა აუტეხეს. ორი დღის ბრძოლების შემდეგ ქართველები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, სამწუხაროდ, მათი ნაწილი ტყვედაც ჩავარდა. 20 ივნისს მტერმა დაიკავა ახალი ათონიც, რის გამოც საშიშროება უკვე სოხუმსაც შეექმნა. საჭირო იყო რადიკალური ზომების მიღება.
18 ივნისს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს თბილისიდან შეატყობინეს, რომ იგი დანიშნულია აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და იმავდროულად, საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის ჯარების სარდლად. მისი ბრძანებით ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საქართველოს რეგულარული საარმიო ნაწილები, კერძოდ, პირველი მსროლელი დივიზია, გუდაუთისაკენ გაიგზავნა, 19 ივლისს სოხუმში ჩავიდა თვით მაზნიაშვილიც.
ბიოგრაფიული ცნობიდან: გიორგი მაზნიაშვილი, გენერალ-მაიორი, მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, მძიმედ დაიჭრა და როდესაც პეტერბურგის ლაზარეთში მკურნალობდა, მისი მამაცობით აღფრთოვანებულმა იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ მოწყალების დებად თავისი ორი ასული დაუნიშნა. იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში რუსეთის ფრონტებზე. სამშობლოში დაბრუნდა 1917 წელს, საქართველოს ეროვნული საბჭოს დავალებით დაიწყო პირველი ქართული დივიზიის ჩამოყალიბება. 1918 წლის ზაფხულში სარდლობდა საქართველოს შავიზღვისპირეთის ფრონტის, ხოლო 1918 წლის დეკემბერში - სომხეთის ფრონტის ჯარებს, შემდეგ დაინიშნა თბილისის გარნიზონის უფროსად. 1921 წლის თებერვალში დაწყებულ საქართველო-რუსეთის ომში იგი სოღანლუღის ფრონტის ჯარების სარდალი იყო. იმავე წლის მარტში, როცა თურქებმა აჭარა დაიკავეს, ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ბათუმი მტრისაგან გაწმინდეს. 1921 წლის აპრილიდან იგი ქართულ წითელ არმიაში მსახურობს სხვადასხვა თანამდებობაზე. 1922 წელს ჩეკისტებმა დააპატიმრეს - მას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარის სარდლობა დანაშაულად ჩაუთვალეს. გათავისუფლების შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნდა. 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს.
საინტერესოა, რომ აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ, ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად, გენერალ მაზნიაშვილს აფხაზთა ცხენოსანი რაზმი მიაშველა 300 მხედრით... 22 ივნისს, კარგად მომზადებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, მტრისაგან გათავისუფლდა გუდაუთა, 28 ივნისს - გაგრა, გადაილახა მდინარე მეხადირი, საქართველოს სამხედრო ნაწილები შევიდნენ პილენკოვოში (დღევანდელი განთიადი) და მიადგნენ მდინარე ფსოუს - სოჭის ოლქის საზღვარს.

სოჭის დაკავება

გიორგი მაზნიაშვილის მოგონებებიდან:"«როგორც თბილისიდან, ისევე აფხაზეთის ეროვნული საბჭოსაგან მივიღე ბრძანებები - წამეწია წინ და დამეჭირა სოჭი. მიზეზი, როგორც გადმომცეს ტელეგრაფის პირდაპირი მავთულით, თხოვნა-მუდარა იყო სოჭში მცხოვრები ქართველებისა, ხოლო აფხაზთა ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი მარწმუნებდა, რომ აფხაზეთს ეკუთვნოდა არათუ სოჭი, არამედ აფხაზეთის საზღვრები უძველეს დროში ანაპამდეც კი მიდიოდაო. ამ ბრძანების შემდეგ მთელი ერთი კვირა წინ არ მივდიოდი, მაგრამ ნელ-ნელა მზადებას შევუდექი სოჭის ასაღებად... გვეუბნებოდნენ, რომ იქ მცხოვრები ქართველები მოუთმენლად ელიან ქართული ჯარის მისვლასო... გარდა ამისა, სანამ სოჭში ბოლშევიკები იქნებოდნენ, მათი შემოსევისა და პროვოკაციების საფრთხე მუდმივად იარსებებდა.»
აქვე საინტერესოა ერთი დოკუმენტი მოვიხმოთ: -"«აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ, განიხილა რა მიმდინარე პოლიტიკური მომენტი და ითვალისწინებს, რომ პირველი - აფხაზეთში არსებული სამთვიანი ბოლშევიკური ანარქია უმთავრესად სოჭისა და ტუაფსეს ოლქებიდან იმართება და მეორე - ბოლშევიკური განწყობა ძირითადად თვითონ კომუნისტებმა შექმნეს, სურსათის ნაკლებობის გამო, ტუაფსეს სავაჭრო ნავსადგურის დაკავების შემდეგ, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კავკასიიდან შავიზღვისპირეთში და საქართველოში ხორბლის იმპორტი შეწყდა.
აქედან გამომდინარე, საბჭო ადგენს: 1) აფხაზეთში მტკიცე წესრიგის დასამყარებლად და სურსათის კრიზისის აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია სოჭისა და ტუაფსეს ოლქების დაკავება, ტუაფსეს ნავსადგურის ჩათვლით; 2) ეს დადგენილება ეცნობოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და საქართველოს ჯარების სარდალს გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილს». დადგენილებას ხელს აწერს აფხაზეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ვ. შერვაშიძე (ცსსა, ფონდი 39, აღწ.1, საქმე 6).
კვლავ შეტევა. 29 ივნისს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა ცხარე ბრძოლების შემდეგ დაიკავეს ადლერი. აქ მტერმა 400 კაცი დაკარგა.
მიუხედავად ამისა, ქართული ჯარების ზურგში ვითარება სერიოზულად გართულდა - აფხაზეთში თურქებმა შეიარაღებული დესანტი გადმოსხეს, მათი განადგურება მოხერხდა და მთელი ძალები ისევ სოჭისკენ იქნა მიმართული. 5 ივლისს საქართველოს ჯარებმა დაიკავეს ხოსტა, 6 ივლისს კი შევიდნენ საოლქო ცენტრში - ქალაქ სოჭში.
რას წარმოადგენდა 1918 წლისათვის ქალაქი სოჭი და სოჭის ოლქი? იყო თუ არა დაკავებული ტერიტორია საქართველოსათვის მნიშვნელოვანი მონაპოვარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით?
ცნობისათვის: მეოცე საუკუნის დასაწყისისათვის რუსეთის იმპერიის მთავრობამ მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო კავკასიის შავიზღვისპირეთის განვითარებას, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში უკვე ხშირად უწოდებდნენ რუსეთის კოლხეთს" და "რუსეთის რივიერას"- ხმელთაშუაზღვისპირეთის ლაჟვარდოვანი ნაპირის" მსგავსად. 1904 წელს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრმა ალექსანდრე ერმოლოვმა თხოვნით მიმართა იმ დროისათვის ცნობილ მოსკოველ კომერსანტს ა.ტერნოპოლსკის, რათა მას თავისი ხარჯებით აეშენებინა საკურორტო ინფრასტრუქტურა სოჭში. ცხადია, ამისათვის ტერნოპოლსკიმ მიიღო მთავრობის შეღავათები - შეუმცირდა გადასახადები, დაბალ ფასებში შეიძინა საუკეთესო ადგილმდებარეობის მქონე მიწები და ასე შემდეგ. 1906 წლის ზაფხულში კი მან დაიქირავა არქიტექტორი ანდრეი იონი, რომლის ხელმძღვანელობით რუსეთში დაიწყო იმ დროისათვის გრანდიოზული საკურორტო კომპლექსის მშენებლობა და რომელიც საბოლოოდ ექვს წელიწადში დასრულდა. 1913 წლისათვის ტერნოპოლსკის ინვესტიციებით აგებული სასტუმროების კომპლექსი «კავკასიის რივიერა» შედგებოდა ოთხი სასტუმროსაგან 250 ნომრით, საკუთარი სამედიცინო ცენტრით, ელექტროსადგურით, მთის წყაროების წყალსადენით, კვების ობიექტებით, პლაჟით, საცურაო აუზით, სპორტული დარბაზით, ბიბლიოთეკით, 650-ადგილიანი საკონცერტო დარბაზით, რომელშიც ხშირად იმართებოდა არა მარტო რუსი და უცხოელი შემსრულებლების კონცერტები, არამედ თეატრალური წარმოდგენებიც. სასტუმროს ჰქონდა აგრეთვე ტროპიკული მცენარეების ბოტანიკური პარკი, რომელშიც დამსვენებლებისათვის მცირე ექსკურსიებს აწყობდნენ. აღსანიშნავია, რომ ექსკურსიები ეწყობოდა აგრეთვე სოჭის შემოგარენშიც, სასტუმროს კუთვნილი ავტომობილებითა და ავტობუსებით. «კავკასიის რივიერა» თავისი მონაცემებით არ ჩამოუვარდებოდა ევროპის ცნობილი კურორტების სასტუმროებს. საკმარისია ითქვას, რომ შავი ზღვის სანაპიროზე არსად ასეთი გრანდიოზული კომპლექსი იმ დროისათვის ჯერ არ არსებობდა. გარდა «კავკასიის რივიერისა», სოჭში იმავე წლებში ასევე აშენდა სასტუმროები «გრანდ-ოტელი», «პასაჟი», «ევროპა», «ლონდონი», «ბელ-ვიუ», «როსია», «კალიფორნია»... აგრეთვე პანსიონატები «ელიტა», «ბელვედერი», «სალვე»... სულ 20-მდე სასტუმრო და პანსიონატი. 1914 წლისათვის სოჭში უკვე დაახლოებით 20 ათასმა ადამიანმა დაისვენა.
რაც შეეხება კულტურისა და განათლების სფეროს დაწესებულებებს: სოჭში მოქმედებდა უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა თავისი ინფრასტრუქტურით, ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, დაწყებითი საქალაქო სასწავლებელი, ქართული, ბერძნული და სომხური სკოლები, ერთი საქალაქო და სამი კერძო ბიბლიოთეკა, სამი კინოთეატრი.
სოჭში არსებობდა ორი სტამბა, რეგულარულად გამოდიოდა რამდენიმე გაზეთი, მათ შორის «სოჩინსკი კურიერ», «სოჩინსკი ლისტოკ» (ეს უკანასკნელი ვრცელდებოდა რუსეთის შავიზღვისპირეთის თითქმის მთელ სანაპიროზე, ანაპიდან ბათუმის ჩათვლით), ილუსტრირებული ჟურნალი «ჩერნომორსკაია ზდრავნიცა»" და სხვა.
რაც შეეხება მრეწველობას: სოჭის ოლქში მოქმედებდა სამშენებლო მასალების რამდენიმე ქარხანა (ცემენტის, აგურის, შიფერის და ა.შ.), რომელთა პროდუქცია ძირითადად კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურებოდა, მუშაობდა აგრეთვე ქალაქის ელექტროსადგური, ტყავის გადამამუშავებელი და თამბაქოს ფაბრიკები, ღვინის ქარხანა, მინერალური წყლის ჩამომსხმელი, ნატურალური ხილის წვენებისა და ხმელი ხილის (ჩირის) საწარმოები. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანის მეპატრონენი ქართველები იყვნენ (გოგიშვილები, თოფურიები, ლოლუები და სხვები).
ქალაქი გარე სამყაროსთან დაკავშირებული იყო ფოსტა-ტელეგრაფით. როგორც საზღვაო ქალაქის აუცილებელი ატრიბუტი, 1909 წელს სოჭში აშენდა ახალი საზღვაო ვაგზალი, 1912-13 წლებში კაპიტალურად შეკეთდა სოჭი-სოხუმისა და სოჭი-ტუაფსეს გზატკეცილები (რეგულარული საავტომობილო-საავტობუსო მიმოსვლით), ხოლო 1916 წელს აშენდა ტუაფსე-სოჭის რკინიგზის ხაზი და ამრიგად, ქალაქი რუსეთის სხვა რეგიონებს დაუკავშირდა. რკინიგზამ კიდევ უფრო მეტი ბიძგი მისცა კურორტის განვითარებას, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიუხედავად, მაინც არ შეწყვეტილა. აქვე უნდა ითქვას, რომ არანაკლები ინტენსიურობით ვითარდებოდა სოჭის ოლქის სხვა კურორტებიც - ადლერი, ხოსტა, მაცესტა, დაგომისი.
რაც შეეხება მოსახლეობას, 1916-17 წლებისათვის ქალაქში მუდმივად ცხოვრობდა დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანი, მათ შორის, ექვსი ათასამდე რუსი, ორი ათასამდე ქართველი, შემდეგ რაოდენობრივად - სომხები, ესტონელები, ბერძნები, ებრაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. რაც შეეხება ოლქის მოსახლეობას, 35 ათასი მცხოვრებიდან 4 ათასამდე ქართველი იყო. სოჭის ახლოს მდებარეობდა უმეტესად ქართველებით დასახლებული სოფლები - პლასტუნკა და სხვები.
აი, ასეთი იყო სოჭის ოლქი 3304 კვადრატული ვერსის მქონე ფართობით იმ დროისათვის, როცა საქართველოს შემოუერთდა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ზემოთ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია: სოჭის ოლქი ჩვენი სამშობლოსათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ტერიტორია იყო ყველანაირი კრიტერიუმით.
საქართველოს მთავრობამ სოჭის ბრძოლებში მოპოვებული წარმატებისათვის ბევრი მებრძოლი წაახალისა და ოფიცრებს სამხედრო წოდებები მოუმატა, ხოლო თვით გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი, როგორც თბილისში გამომავალი გაზეთი «ვოზროჟდენიე» 1918 წლის 11 ივლისს იუწყებოდა, შავი ზღვის ნაპირების გათავისუფლებისა და ქალაქ ადლერისა და სოჭის დაჭერის გამო, მთავრობის საგანგებო დადგენილებით დაჯილდოვდა სტანისლავის I ხარისხის ორდენითა და ხმლით"(იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა საქართველოს სახელმწიფო ორდენები).

ტუაფსესა და ბელორეჩენსკის დაკავება

26 ივლისს, საღამოს 20 საათზე, 12-საათიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ ბოლშევიკები გარეკეს ქალაქ ტუაფსედანაც. «მტერი სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევდა და თითოეული გორაკის აღება ბრძოლით გვიხდებოდა. დავატყვევეთ მრავალი, ხელთ ვიგდეთ 4 ზარბაზანი, 18 ტყვიამფრქვევი, უამრავი ყუმბარა და ტყვია-წამალი, გემები, ავტომობილები, ორთქლმავლები და ვაგონები... ჩვენი ზარალი უმნიშვნელოა. მტერი ტუაფსედან არმავირისაკენ გაიქცა», - ასე ატყობინებდა გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს სამხედრო მინისტრს.
ცნობისათვის:
ტუაფსე და ტუაფსეს ოლქი (ფართობი 1561 კვადრატული ვერსი) 1918 წლისათვის ძირითადად სავაჭრო-საკურორტო და სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა. ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება 1902 წლიდან დაიწყო და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ განსაკუთრებით იმ გარემოების გამო, რომ ყუბანიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მზარდი ექსპორტი სწორედ ტუაფსეს სავაჭრო ნავსადგურით ხორციელდებოდა. ეკონომიკური პროგრესი მნიშვნელოვნად დააჩქარა 1913 წელს ეკატერინოდარ(კრასნოდარ)-არმავირ-ტუაფსეს სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ - ქალაქში გაიხსნა მსხვილი სარკინიგზო დეპო და სახელოსნო. გარდა ამისა, ამუშავდა ცემენტის ქარხანა. ცხადია, ისევე როგორც სხვა საკურორტო ქალაქებში, ტუაფსეშიც საკმაოდ კარგად იყო განვითარებული ჯანდაცვის სფერო - მუშაობდა ოთხი საავადმყოფო, რამდენიმე პანსიონატი. მნიშვნელოვანი სასტუმროები: «ევროპა», «ორიენტალი», «სან-რემო», «მოსკოვი», «ვენა». პირველ ორს გააჩნდათ საკუთარი საავტომობილო პარკი.
კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დაწესებულებები: ბიბლიოთეკა, მუზეუმი, ორი კინოთეატრი, ორი სკოლა-გიმნაზია, მებაღეობა-მეღვინეობის სასწავლებელი, ორი სტამბა, ფოსტა-ტელეგრაფი და სხვა. ქალაქში მოქმედებდა ქართული საგანმანათლებლო საზოგადოება, რომელსაც ქართულივე სამკითხველო ჰქონდა.
ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 20 ათას მცხოვრებს, აქედან ნახევარი რუსი იყო, დანარჩენი კი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ქართველები ტუაფსეს ოლქშიც ცხოვრობდნენ, თუმცა სოჭთან შედარებით ნაკლები, - დაახლოებით რვაასი ადამიანი 35 ათასი მცხოვრებიდან.
დავუბრუნდეთ ისევ შავიზღვისპირეთში განვითარებულ სამხედრო მოქმედებათა თეატრს. როგორც მაზნიაშვილის მოხსენებიდან გავიგეთ, დამარცხებული მტერი ჩრდილოეთ კავკასიაში გაიქცა. თბილისიდან გენერალმა მორიგი ბრძანება მიიღო, - უკან დასდევნებოდა მტერს და ყუბანში გადასულიყო. ისმება კითხვა - ღირდა კი რამედ ასეთი შორეული რეიდი? ხომ არ გამოიწვევდა ეს პოლიტიკურ გართულებას? გარდა ამისა, ქართული არმიის ნაწილები ხომ ისედაც საკმაოდ დაშორდნენ ზურგს, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლით კი ისინი აბსოლუტურად უცხო გარემოში აღმოჩნდებოდნენ.
არადა, ბრძანება უკვე მიღებულია, ის უნდა შესრულდეს. საქართველოს ქვედანაყოფებმა ელვისებურად გადალახეს გოითხის უღელტეხილი, ისარგებლეს რკინიგზითა და გზატკეცილით, მოახდინეს ძალთა გადაჯგუფება და უბრძოლველად დაიკავეს ჯერ დაბა ხადიჟენსკი, შემდეგ კი მსხვილი ქალაქი ბელორეჩენსკი.
საინტერესოა, რომ თვითონ გენერალი მაზნიაშვილი წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ტუაფსეს აღებასა და ჩრდილოეთ კავკასიაში გალაშქრებას ზედმეტად მიიჩნევდა. მისი აზრით, საკმარისი იყო სოჭსა და ლაზარევსკაიას შორის მდებარე მდინარე შახეს ნაპირებზე თავდაცვითი ზღუდეები მოეწყოთ და ამით სოჭი მტრისაგან დაცული იქნებოდა. ცხადია, მან თავისი მოსაზრება მთავრობას აცნობა, მაგრამ, როგორც გენერალი მოგონებებში წერს:"«ეს აზრი შეიძლება მიეღოთ კიდეც, რომ არა საქართველოში ნავთისა და ხორბლის მწვავე ნაკლებობა. «იმ ხანებში სოჭში მოვიდა ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენელი ლაპინი, რომელმაც მე და გიზო ანჯაფარიძეს - საქართველოს მთავრობის რწმუნებულს სოჭის ოლქში, - გამოგვიცხადა, რომ ყუბანის ხელისუფლება მზადაა მოგვყიდოს ხორბალი ხელსაყრელ ფასებში, თუ საქართველო მათ ბოლშევიკებისაგან მაიკოპის გათავისუფლებაში მიეხმარება». ლაპინის თქმით, მაიკოპის რკინიგზის სადგურში ნავთობით დატვირთული ეშელონებიც იდგა.
ასე და ამრიგად, ქართული სამხედრო ქვედანაყოფები ბელორეჩენსკში განლაგდნენ და დაიწყეს მზადება მაიკოპის დასაკავებლად, რომელიც სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობდა. აი, ამ დროს სამხედრო-პოლიტიკურ ჰორიზონტზე რუსეთის მოხალისეთა არმიის გენერლების ანტონ დენიკინისა და მიხეილ ალექსეევის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ქართველებს უკანდახევა ულტიმატუმური ფორმით მოსთხოვეს.
ანტონ დენიკინი, რუსი გენერალ-ლეიტენანტი, დაამთავრა გენშტაბის აკადემია, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რუსეთის დასავლეთის ფრონტის სარდლის თანამდებობით. პეტროგრადში ლენინის ხელმძღვანელობით მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ 1918 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბა მოხალისეთა არმია, რომლის მიზანს რუსეთში მონარქიის აღდგენა წარმოადგენდა. მისი დევიზი იყო "ერთიანი და განუყოფელი რუსეთი. 1920 წლის იანვრიდან ანტონ დენიკინმა თავი რუსეთის უზენაეს მმართველად გამოაცხადა, მაგრამ სამოქალაქო ომში დამარცხდა და უცხოეთში გაიქცა. გარდაიცვალა 1947 წელს.
ცხადია, ანტონ დენიკინის მიზანი ერთიანი მონარქისტული რუსეთის აღდგენის თაობაზე საქართველოსაც დიდ საშიშროებას უქადდა, მით უმეტეს, რომ იგი შავი ზღვის გუბერნიას, კერძოდ ტუაფსესა და სოჭის ოლქებს რუსეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა.
მოხალისეთა არმიამ ყუბანის ოლქს თავშეფარებული ბოლშევიკები ძლიერ შეავიწროვა. ტამანის წითელი არმია კოვტიუხის მეთაურობით იძულებული გახდა ისევ ტუაფსესაკენ მოტრიალებულიყო. 1918 წლის აგვისტოს ბოლოს მათ შეტაკება ჰქონდათ ქართულ ნაწილებთან, რომლებმაც სარდლობის ტაქტიკური მოსაზრებით უკან დაიხიეს, ტუაფსე ჯერ დატოვეს, შემდეგ ისევ შეტევაზე გადავიდნენ და წითლები ისევ გარეკეს. ექვს სექტემბერს კი ქალაქს დენიკინელები მოადგნენ. გენერალმა მაზნიაშვილმა დიდი სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად ჯარები სადგურ ლოოსკენ დასწია, ტუაფსე კი «გათეთრდა»"- ქალაქში თეთრები შევიდნენ....
ულტიმატუმი ეკატერინოდარის მოლაპარაკებაზე
1918 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში სოჭის ოლქში მთავრობის დავალებით გაემგზავრა საქართველოს საგარეო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, რათა მოლაპარაკება გაემართა ყუბანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საზღვრების მოწესრიგებისა და საქონლის გაცვლა-გამოცვლის მიზნით. რაც შეეხება ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმიას, მას თბილისი მომლაპარაკებელ მხარედ ჯერჯერობით არ ცნობდა, თუმცა მხედველობაში იღებდა მომავალ საშიშროებას. დირექტივები ასეთი იყო: საზღვრების საკითხში საქართველოს უნდა მოეთხოვა მაქსიმუმ ტუაფსეს ოლქი, ხოლო სოჭის ოლქი და გაგრის რაიონი არამც და არამც არ უნდა დაეთმო. სოჭში ჩასვლისას ევგენი გეგეჭკორი გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან და გიზო ანჯაფარიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მათთან საუბრისას გამოირკვა, რომ საერთოდ, მოსახლეობის სულიერი განწყობილება საქართველოს სასარგებლოდაა... როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისიცაა, რომ მათთან აღწევდა ხმები მოხალისეთა არმიის მოქმედების შესახებ, რომელიც სასტიკად ეპყრობა როგორც ბოლშევიკებს, ისე მენშევიკებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს. სოჭში ჩვენ მოვაწყვეთ მიტინგები, მე მოხსენება გავაკეთე მიმდინარე მომენტის შესახებ, გავაცანი ჩვენი მდგომარეობა. ილაპარაკა აგრეთვე ვალიკო ჯუღელმაც..." (გაზეთი «ერთობა», 1918 წლის 17 სექტემბერი).
ამასობაში დენიკინელთა მუქარა გახშირდა. 18 სექტემბერს სოჭში გაიმართა ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების საბჭოს სხდომა. მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველო რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც დაცულია დემოკრატიის პრინციპები და რადგან სოჭის ოლქს ემუქრება დენიკინის სამხედრო დიქტატურა, საბჭო გამოთქვამს სურვილს საქართველოს მთავრობამ სპეციალური დეკრეტით დაუყოვნებლივ გააფორმოს სოჭის ოლქის დროებითი მიერთება... (ამიერკავკასიისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის დოკუმენტები და მასალები, ტფილისი, 1919; გვ.389). მსგავსი რეზოლუციები მიიღეს აგრეთვე სოჭის მოსახლეობის საერთო კრებაზე 20 სექტემბერს და უფრო მოგვიანებით, ოლქის გლეხთა ყრილობაზეც.
ევგენი გეგეჭკორი ნოე ჟორდანიასადმი თბილისში გაგზავნილ ვრცელ დეპეშაში აღნიშნავდა, რომ: «მიუტევებელი შეცდომა იქნებოდა, შექმნილი კონიუნქტურით რომ არ ვისარგებლოთ. თავის დროზე ქალაქის მთელი მოსახლეობა ჩვენს ჯარს აღფრთოვანებით შეხვდა, მაგრამ ახლა, დენიკინის გამოჩენით, ვითარება გაუარესდა... ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ერთადერთი კოზირით - მოსახლეობისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით და ოლქი დეკრეტით უნდა შევიერთოთ. დანაშაული იქნება, ეს მომენტი ხელიდან რომ გავუშვათ... ოლქის მიერთება მოხალისეთა არმი
Category: სამხედრო ისტორია | Added by: Giorgi (20-აგვისტოში-09)
Views: 1676 | Rating: 5.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site