საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ჩემი ფაილები [0]
ტექნიკა და შეიარაღება [49]
ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები [46]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 164
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
პარასკევი, 29-მარტში-24, 12.45
Welcome Guest

ფაილების კატალოგი

Main » Files » ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები

გიორგი V ბრწყინვალე
[ ] 14-აგვისტოში-09, 06.16
გიორგი V ბრწყინვალე  
მეფობდა 1318-1346


საქართველოს მეფე, დემეტრე თავდადებულის ძე, ლაშა-გიორგის შთამომავალი. ბოლო მოუღო საქართველოში მონღოლთა ასწლოვან ბატონობას. საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი ხელმწიფე გიორგი V 1318–1346 წლებში მართავდა ქვეყანას და მას ქართველმა ხალხმა „ბრწყინვალე“ უწოდა. გიორგი V–ს უკავშირდება ქვეყნის გამთლიანება, მონღოლთა განდევნა საქართველოს საზღვრებიდან, ქართული კულტურისა და ეკონომიკის აღორძინება და ქვეყნის პრესტიჟის აღდგენა. ჟამთააღმწერელი ასე აფასებს მის გამეფებას: „და იწყო მთიებმან აღმოჭვირება“. 

გიორგი იყო დემეტრე თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ერთადერთი ვაჟი. მისი დაბადების წელს დემეტრეს მონღოლებმა თავი მოკვეთეს. დაობლებული გიორგი ბაბუამ, სამცხის ძლევამოსილმა ათაბაგმა ბექა ჯაყელმა გაზარდა. პირველად 1299 წელს 10–11 წლის იქნებოდა, როცა მონღოლებმა თავისი ნახევარძმის, დავით VIII–ის საწინააღმდეგოდ გაამეფეს. თუმცა მცირეწლოვანს ქვეყნის მართვა რეალურად არ შეეძლო, ამიტომ 1302 წელს იგი ვახტანგ II–ით შეცვალეს. ეს ის პერიოდია, როდესაც მარტო აღმოსავლეთ საქართველოში ერთდროულად სამი მეფე იჯდა ტახტზე. 1314 წელს მონღოლებმა დავით VIII–ის ძე, გიორგი VI „მცირე“ გაამეფეს და მეურვედ გიორგი დაუნიშნეს, თუმცა 1318 წელს სამეფო ტახტი უკვე მეორედ და საბოლოოდ გიორგი V–მ დაიკავა.

გიორგიმ ჩაიბარა დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა „დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა... ერთმანეთის ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა – მრავალფერნი ულუსობანი... სამართალი აღარ იყო-ღა”- მოგვითხრობს ჟამთააღმწერი.

გიორგი V–ს რადიკალური ღონისძიებების გატარება მოუხდა მეფის მტკიცე ხელისუფლებას გადაჩვეული ფეოდალების დასამორჩილებლად. მეფის ბრძანებით, კახეთში, ცივის მთაზე, სადარბაზოდ მოიწვიეს ურჩი ერისთავები, შეიპყრეს ისინი და სიკვდილით დასაჯეს. მეფემ აღკვეთა ოსთა თავდასხმები და გაათავისუფლა ქალაქი გორი. მიუხედავად ამისა, ქვეყანა იმდენად იყო დანაწევრებული, რომ გიორგის „თბილისის მეფეს” უწოდებდნენ. საჭირო იყო ქვეყნის ერთიანობის აღდგენა.

1329 წელს გარდაიცვალა დასავლეთ საქართველოს მმართველი მიქელ დავით ნარინის ძე. გიორგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა, ქუთაისი დაიკავა და დიდებულები დაიმორჩილა. 1334 წელს, როცა სამცხის მთავარი სარგის II ჯაყელი (მეფის ბიძა) გარდაიცვალა, გიორგი V-მ მთავრად დანიშნა სარგისის შვილი ყვარყვარე, უბოძა მას ათაბაგობა და ჩამოართვა ერთგულების ფიცი. ამრიგად, საქართველოს მთლიანობა აღუდგინა.

წარმატებული იყო მეფის საგარეო პოლიტიკაც. ყაზან-ყაენის გარდაცვალების (1304) შემდეგ საილხანოში ანარქია სუფევდა. გიორგი კარგად ხედავდა, რომ მონღოლთა ძლიერება წარსულს ჩაბარდა და ადრე თუ გვიან მათი სახელმწიფო დაინგრეოდა. საჭირო იყო ფრთხილი და გონიერი მოქმედება, რათა საქართველო ამ ნანგრევებში არ აღმოჩენილიყო. მეფემ შეცვალა დამოკიდებულება ილხანებთან: უარი თქვა აჯანყებებზე და დაიმეგობრა ილხანთა დიდკაცობა, მათ შორის საყაენოს პირველი ემირი – ჩობან ნოინი. ეს უკანასკნელი ყაენ აბუ–საიდის მცირეწლოვნების გამო ფაქტობრივად მართავდა ქვეყანას. გიორგიმ ჩობანისგან უფლება მიიღო თავად აეკრიფა ხარკი. ამან ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა. გიორგიმ საკუთარი ვერცხლის ფულიც კი მოჭრა, რომელსაც „გიორგაული თეთრი“ უწოდა. ჩობანიც თავის მხრივ დაინტერესებული იყო გიორგისთან კარგი ურთიერთობით, ეს საშუალებას აძლევდა მას ქართველთა სამხედრო ძალის იმედი ჰქონოდა.

1327 წელს მოკლეს ემირი ჩობანი, საილხანოში შინააშლილობა დაიწყო. ამით ისარგებლა გიორგი V–მ და მონღოლთა ჯარი საქართველოდან გააძევა. 1335 წელს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა და მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო. ჩაკეტა უღელტეხილები და ამით მონღოლთა ერთსაუკუნოვან ბატონობას ბოლო მოუღო. თუმცა მათ დატოვეს მძიმე მემკვიდრეობა, წესრიგის აღდგენა ეკლესიაშიც გახდა საჭირო. გიორგის ბრძანებით მოიწვიეს საეკლესიო კრება. მისი მონაწილეობით შეიქმნა სისხლის სამართლის წიგნი „ძეგლის დადება“, რომელიც მთიელთათვის იყო განკუთვნილი. ხელმწიფის კარზე ეტიკეტისა და მოხელეთა უფლება–მოვალეობების განსაზღვრის მიზნით დაიწერა ადმინისტრაციული სამართლის წიგნი „ხელმწიფის კარის გარიგება“. საქართველო აქტიურად ჩაერია ტრაპიზონის იმპერიის საქმეებში. მან დახმარება აღმოუჩინა დედოფალ ანახუტლუს, რომელიც პროქართული დაჯგუფების მეთაური იყო. მეფეს მიმოწერა და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპ იოანე XXII–სთან. პაპის ბრძანებით კათოლიკური საეპისკოპოსო ცენტრი სმირნადან თბილისში გადმოიტანეს – ეს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდაზე მიუთითებდა. მეტიც, ეგვიპტის სულთანმა ქართველებს უფლება მისცა აეშენებინათ ახალი ტაძარი იერუსალიმში და ცხენებზე ამხედრებულებს, ეროვნული დროშებით ევლოთ ქალაქის ქუჩებში.

გიორგის ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომელსაც „წმინდა მიწის” გამოსახსნელად 30 ათასი მოლაშქრით დახმარებას ჰპირდებოდა.

ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას ხელს უწყობდა სავაჭრო კავშირ–ურთიერთობები გენუასა და ვენეციასთან. ვახუშტი ბატონიშვილი შემდეგნაირად აფასებს გიორგი V–ის საქმიანობას „ხოლო ამისთვის ეწოდა ამას გიორგი ბრწყინვალე, რამეთუ იყო ჰაეროვნებითა, შუენიერებითა და ახოვნებითა უებრო, მოწყალე, უხვი, ობოლთა და ქვრივთა და დავრდომილთა შემწყნარებელი. მეორედ, ვინაითგან იყო ივერია დაფანტული, სამთავროდ და სამეფოდ დაყოფილი, ამან სიბრძნე გონიერებითა და ძლიერებითა თვისითა კუალად შემოიკრიბნა და იგონა, ვითარცა აღმაშენებელმან, განავსნა და აღაშენნა ქუეყანანი, რჯული და სამოქალაქნო წესნი განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღვეულნი და მოოხრებულნი აღაშენნა, განაახლნა და განანათლნა... სძლო ყოველთა სადა ჯერ იყო ბრძოლითა და ძლიერებითა და სადა ხამდა სიბრძნე-გონიერებითა და მეციერებითა თვისითა დაამშვენდა და მეფობდა მეფობითა კეთილითა...”

გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვალა 1346 წელს. დაკრძალულია გელათში.

Category: ცნობილი ქართველი გენერლები და მხედარმთავრები | Added by: Giorgi
Views: 2032 | Downloads: 0 | Comments: 2 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site