საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სამხედრო ისტორია [11]
სამხედრო ისტორია
საქართველოს ისტორიული დოკუმენტები და ნარკვევები [13]
საქართველოს ბრძოლოები [2]
მინი ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
საიტის შეფასება
სულ პასუხი: 156
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
პარასკევი, 14-დეკემბერში-18, 16.38
Welcome Guest

Publisher

Main » Articles » ისტორია » საქართველოს ისტორიული დოკუმენტები და ნარკვევები

გიორგი მაზნიაშვილი

გიორგი მაზნიაშვილი
საქართველოს დემოკრატიული მთავრობის თავმჯდომარეს ბ-ნ ნოე ჟორდანიას.
ასლი საქართველოს დამოუკიდებლობლის კომიტეტის წარმომადგენლების წევრებს უცხოეთში.
საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ყოფილი მთავარსარდლის გიორგი მაზნიაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა.
ჩემს სტამბოლში ყოფნის დროს 1924 წ. ოქტომბერს და ნოემბერში, სადაც თქვენი განკარგულებით ვიყავი გაგზავნილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ბ-მა კ. გვარჯალაძემ მაცნობა, რომ საქართველოში გავრცელდა ხმა, თითქოს მე გადამეცეს ბოლშევიკებისათვის გეგმა შეიარაღებული აჯანყებისა და ეს გარემოება ყოფილიყოს მიზეზათ დამარცხებისა. ამ ხმების გავრცელება დაადასტურეს საქართველოდან გადმოხვეწილებმაც და ამ სისაძაგლეს იმეორებდნენ ზოგიერთნი უკვე პარიზში. მე არავითარ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ ეს ხმები მარტო აქ პარიზში ვრცელდებოდეს, რადგანაც აქ ყველასათვის ცხადია პროვოკაციული ხასიათი ამ ხმებისა; მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში: იქ იმყოფება ჩემი ოჯახი, ნათესავნი და ნაცნობები და ადვილათ წარმოსადგენია რა უსიამოვნო და მძიმე წუთები უნდა განიცადოს ჩემმა ცოლ-
შვილმა, თუ მამა მათის ღალატის შესახებ გაიგეს რამე და ეს იმ დროს, როდესაც მამა იმათმა თავის სამშობლოს სამსახურს შესწირა რაც ძალი შესწევდა და ეხლაც უცხოეთში მარტო იმ ფიქრებით სულდგმულობს, რომ რითიმე დაეხმაროს მას ამ განსაცდელში. მე ვიცი, რომ ბ-მა გვარჯალაძემ საჭიროთ სცნო შეეტყობინებინა თქვენთან ამ ხმების შესახებ. მე იმედი მქონდა, რომ იგივე მიიღებდით სათანადო ზომებს ჩემი კეთილი სახელის ეროვნული პატივის დასაცვავათ. უკვე ორი კვირა მიდის ჩემი პარიზში დაბრუნების შემდეგ, მაგრამ თქვენ არც კი სცანით საჭიროთ ან წერილით ან სიტყვით რომ მოგეცათ ჩემთვის ეს დაკმაყოფილება, ამიტომ, ეხლა თვითვე ვხდები იძულებული მოგმართოთ თქვენ ამ განცხადებით და შემდეგი თხოვნით: თქვენ რასაკვირველია უკეთესად მოგეხსენებათ, რომ მე არამც თუ არ ვიცოდი გეგმა აჯანყებისა (ასეთი გეგმა აქ არც კი არსებობდა), არ ვიცოდი ისიც კი, რომ აჯანყება მოხდებოდა და როდესაც პირველი ცნობები ამ აჯანყების დაწყების შესახებ მიიღო საქართველოს ლეგაციამ, იგი იმდენათ მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე ამ ცნობის სიმართლე არ მჯეროდა. მე გთხოვთ თქვენ, დაუყონებლივ მისწეროთ საქართველოში და საგანგებო ფურცლებით აუწყოთ ქართველ ხალხს, რომ ამ ხმებს მხოლოდ მისი ბოროტი მტრები ავრცელებენ, გიორგი მაზნიაშვილი უმალ თავს მოაჭრევინებს, ვიდრე თავის სამშობლოს უღალატოს.
ასლი თქვენი წერილისა და განკარგულების გთხოვთ მე მომართოთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიწყნარებთ ჩემს კანონიერ თხოვნას.
უკიდურეს შემთხვევაში მე თვით ვიქნები იძულებული, პრესის საშუალებით დავიცვა ჩემი თავი და სახელი როგორც საქართველოში ისე უცხოეთში.
მიიღეთ ჩემი ღრმა პატივისცემა.
გ. მაზნიაშვილი
18 იანვარი, 1925წ.
ქ. პარიზი
საქართველოს ემიგრირებული მთავრობის პასუხი გიორგი მაზნიაშვილს
გენერ. გ. მაზნიაშვილს პარიზში.
24-I-1925.
პარიზი.
თანახმად თქვენი განცხადებებისა საქართველოში გავრცელებულ ხმების შესახებ მთავრობის და დამ. კომიტეტის საზღვარგარ. დელეგაცის შეერთებულ სხდომამ მიიღო შემდეგი დადგენილება.
,,მიეწეროს საქართველოში მომქმედ ორგანიზაციებს, რომ თუ არსებობს ხმები, ვითომც გ. მაზნიაშვილს გაეცეს აჯანყების გეგმა, ეს ყოვლად უსაფუძვლოა და მიიღონ ზომები ამ ხმების გასაბათილებლად”.
ზემოაღნიშნული დადგენილება გაიგზავნა სტამბოლში სისრულეში მოსაყვანათ.
თქვენი კ. კანდელაკი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი.
ნინო ყიფშიძე – "ბრალდება, რომელიც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის დისკრედიტაციისათვის შეითითხნა”
გიორგი მაზნიაშვილმა მთელი სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და დაკარგული თავისუფლებისთვის ბრძოლას შეალია. საბჭოთა ხელისუფლებამ მას სამჯერ მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა. მართალია, მაზნიაშვილი დახვრეტას ორჯერ გადაურჩა, მაგრამ მესამედ განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი და 1937 წლის სექტემბერს "ტროიკის” საბოლოო გადაწყვეტილებით იგი დახვრიტეს.
წლების შემდეგ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ვაჟი, სამამულო ომის ინვალიდი ბორის მაზნიაშვილი ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე აგზავნის მიმართვას და ითხოვს მამის, გიორგი მაზნიაშვილის საქმის გადახედვასა და რეაბილიტაციას:
"ვითხოვ, გადაიხედოს გიორგი მაზნიაშვილის საქმე და რეაბილიტირებულ იქნას იგი. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, როგორც სამამულო ომის მონაწილისთვის და ასევე მისი შვილიშვილისთვის”…
ბორის მაზნიაშვილი მამის სიკვდილით დასჯას ლავრენტი ბერიას აბრალებს და აღნიშნავს, რომ ლავრენტი ბერიამ გენერალი მაზნიაშვილი სერგო ორჯონიკის მაკომპრომეტირებლად დააპატიმრა და დახვრიტა.
"მამაჩემი სამხედრო მოსამსახურის შვილი იყო. მან იუნკერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოფიცრის წოდება მიიღო, 1905 წელს კი რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ წავიდა. 1914 წელს იმპერიალისტურ ომში მონაწილეობდა, რომლის დამთავრების შემდეგ მამა ოქროს იარაღით დააჯილდოეს და გენერლის წოდებაც უბოძეს. 1917 წელს გამოცემული დეკრეტის მიხედვით, ყველა მეომარი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და, შესაბამისად, მამაჩემიც საქართველოში ჩამოვიდა. მენშევიკურმა მთავრობამ გიორგი მაზნიაშვილი თავისი არმიის რიგებში მიიწვია. ამ პერიოდში მას ორჯერ მოუწია ბრძოლა ახალციხესა და ოზურგეთში თურქების წინააღმდეგ. გიორგი მაზნიაშვილი მენშევიკური მთავრობის რიგებში დიდი ნდობით არ სარგებლობდა, რადგან მენშევიკური პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.
საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ გენერალი მაზნიაშვილი თავის ერთგულ პირებთან ერთად ბოლშევიკების მხარეს გადავიდა და მეთერთმეტე არმიის კვალდაკვალ საქართველოს თურქი დამპყრობლებისაგან განმათავისუფლებელ ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ბათუმისა და მთელი აჭარის თურქებისაგან გათავისუფლებას სწორედ მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ ამხანაგმა ორჯონიკიძემ გენერალ მაზნიაშვილს დაავალა, თბილისში სასწრაფოდ დაბრუნებულიყო და საბჭოთა საქართველოს პირველი დივიზიის ფორმირებას შესდგომოდა. ორჯონიკიძის დავალებით მას საქართველოდან გაქცეული ყოფილი მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლებისთვისაც უნდა ეხელმძღვანელა, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ. მენშევიკების რიგებიდან ერთ-ერთ დაკავებულს წერილი აღმოუჩინეს, რომელშიც ჩამოთვლილი იყო იმ ადამიანების გვარები, ვისზეც ყოფილი მენშევიკური მთავრობა იმედს ამყარებდა. ამ სიაში მამაჩემიც გახლდათ. იგი დააპატიმრეს, მაგრამ როგორც უდანაშაულო, მალევე გაათავისუფლეს.
1926 წელს მამა საზღვარგარეთ ოფიციალურად გაემგაზვრა, სადაც ორი წელი დაჰყო. სავარაუდოდ, სერგო ორჯონიკიძისგან, მას საგანგებო დავალება ჰქონდა. თუმცა ქართულმა ემიგრაციამ გიორგი მაზნიაშვილი არ მიიღო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1929 წელს იგი პენსიაზე გავიდა. 1937 წელს მამა და ძმა დამიპატიმრეს. მათი ბედის შესახებ კარგა ხანს ცნობილი არაფერი იყო. 1957 წელს ჩემი ძმა რეაბილიტირებულ იქნა. მიმაჩნია, გიორგი მაზნიაშვილი ლავრენტი ბერიას მოწოდებით დააპატიმრეს, რომელიც სერგო ორჯონიკიძის შესახებ მაკომპრომეტირებელ მასალებს აგროვებდა. გიორგი მაზნიაშვილს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ორჯონიკიძე ენდობოდა”. – ბორის მაზნიაშვილის ეს წერილი და მამის რეაბილიტაციის მოთხოვნა გახდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საქმის გადახედვის მიზეზი.
გიორგი მაზნიაშვილი 1872 წელს ქალაქ თბილისში იყო დაბადებული, 1937 წლის 5 მაისს, ბ. ლეჟნევის ჩვენების საფუძველზე, დააპატიმრეს და 7 სექტემბერს კი დახვრეტა მიუსაჯეს. მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. იგი პოლკოვნიკ თუხარელთან ერთად წითელი არმიელებისა და კომუნისტების დახვრეტას ხელმძღვანელობდა. გიორგი მაზნიაშვილის მთავარ საქმეში ინახება აგენტურული ცნობა, რომელშიც მოყვანილია გენერლის ანტისაბჭოური მოსაზრებები.
საქმის მსვლელობის პროცესში დადგინდა, რომ გიორგი მაზნიაშვილი რუსეთის იმპერიის არმიის გენერალი იყო. იგი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების წინადადებით, საქართველოს მსროლელთა დივიზიის ფორმირებას შეუდგა, პარალელურად კი კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც გენერალი მაზნიაშვილი 1921 წლის 6 ოქტომბერს დააპატიმრეს და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა დახვრეტა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს, საბოლოოდ კი, ამინისტიის შედეგად, იგი 1923 წელს გაათავისუფლეს.
გიორგი მაზნიაშვილი ციხეში და გათავისუფლების შემდეგაც კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა. ამიტომაც გენერალი კვლავ დააპატიმრეს და კვლავ დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა დახვრეტას მაზნიაშვილი ამჯერადაც გადაურჩა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, იმავე წლის მაისში, გენერალი ბაქოს გავლით თეირანში გაემგზავრა. მაზნიაშვილმა ვერ მოახერხა თეირანში სამსახურის დაწყება და ამიტომაც წერილით პარიზში ემიგრაციაში მყოფ სპირიდონ კედიას დაუკავშირდა. მალევე გიორგი მაზნიაშვილმა პარიზში გასამგზავრებლად საფრანგეთის საელჩოს დახმარებით ვიზა, პასპორტი და 2000 ფრანკი მიიღო. ქართულმა პოლიტიკურმა ემიგრაციამ საფრანგეთში ჩასული გენერალი დიდი პატივით მიიღო. მას 1000 ფრანკი გადასცეს და ასევე ხელფასის სახით ყოველთვიურად 500 ფრანკი დაუნიშნეს.
პარიზში ყოფნის დროს, საქართველოს ემიგრაციული მთავრობის დავალებით, გიორგი მაზნიაშვილი საფრანგეთის გენერალურ შტაბთან და გენერალ ფურნესთან ეწეოდა მოლაპარაკებებს სამხედრო დახმარებისთვის, რათა საქართველოში კვლავ აღედგინათ ლეგიტიმური ხელისუფლება.
მაზნიაშვილის პარალელურად ირაკლი წერეთელი ინგლისის მთავრობასთან ცდილობდა მოლაპარაკებას, მაგრამ ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. საფრანგეთსა და ინგლისიდან ქართველებმა სამხედრო დახმარების შესახებ უარი მიიღეს. 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება ჩაახშო.
საქართველოდან გაქცეული ამბოხებულების დასახვედრად და დასახმარებლად გიორგი მაზნიაშვილი თურქეთში გაემგზავრა. თუმცა მანამდე იგი პარიზში დიდ მთავარ ნიკოლოზ რომანოვს შეხვდა, რომელმაც ამბოხებულების დასახმარებლად 10 000 ფრანკი გადასცა.
"დიდებულმა თავადმა გაიგო რა საქართველოში მომხდარი ამბები, ჩემთან ნდობით აღჭურვილი პირი გამოგზავნა და მთხოვა, თურქეთში გამგზავრებამდე მასთან შემევლო. ამილახვართან ერთად ნიკოლოზ რომანოვთან მივედი. იგი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ კარგად იყო ინფორმირებული… მეორე დღესვე ნიკოლოზ რომანოვმა ამილახვრის ხელით 10 000 ფრანკი გამომიგზავნა საქართველოდან გამოქცეული მეომრების დასახმარებლად. თურქეთში გასამგზავრებლად მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებმა თურქეთის ვიზა, 2000 ფრანკი გადმომცეს და გამაფრთხილეს, ამბოხებულთათვის ვიზებს ელჩ კოწია გვარჯალაძის სახელზე გამოგზავნიდნენ”… – დასძენს გიორგი მაზნიაშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.
მისი ჩვენებიდან ასევე ირკვევა, რომ რამდენიმე დღეში მიიღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დეპეშა, რომელიც თავის რაზმთან ერთად დახმარებას ითხოვდა. პარიზიდან ელჩ კონსტანტინე გვარჯალაძეს 200 ვიზა და 10 000 ფრანკი გაუგზავნეს, მაგრამ ეს თანხა გიორგი მაზნიაშვილის თანხასთან ერთად საკმარისი არ აღმოჩნდა აჯანყებულთა შესამოსად და საფრანგეთში გასამგზავრებლად. ამიტომაც გიორგი მაზნიაშვილის ორგანიზატორობით საქართველოდან დევნილთა დასახმარებლად კომიტეტი შეიქმნა, რომელიც მსურველთაგან შემოწირულობებს შეაგროვებდა. კომიტეტმა 123 დევნილი მიიღო, მათ შორის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის რაზმელებიც.
"საქართველოდან პირველად 40 ადამიანი მივიღეთ. ამის შემდეგ კი ელმავლით ჩოლოყაშვილის რაზმი და აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილები ჩამოვიდნენ. ყოველი მათგანი შემოგლეჯილი ტანსაცმლითა და უსახსროდ იყო. საჭირო გახდა ამ ჯგუფის ევროპულ სამოსში გამოწყობა და მარსელში გამგზავრება.Mთითქმის ერთი თვე მომიწია სტამბულში დარჩენა. პატარ-პატარა ჯგუფებად, როგორც იქნა, ჩამოაღწიეს დევნილებმა, ამის შემდეგ მეც დავბრუნდი პარიზში”. – ვკითხულობთ მაზნიაშვილის ჩვენებაში.
1925 წელს გიორგი მაზნიაშვილმა პარიზში საბჭოთა კავშირის საელჩოდან შუამდგომლობა მოითხოვა საქართველოში დასაბრუნებლად. მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და გენერალი მაზნიაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.
საქართველოში გამომგზავრებამდე გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს ემიგრაციული მთავრობის წარმომადგენლებს – რამიშვილს, გეგეჭკორს, ერაძეს შეხვდა. გიორგი მაზნიაშვილს ამჯერადაც საგანგებო დავალება ჰქონდა: საბჭოთა კავშირზე ევროპის რომელიმე ქვეყნის თავდასხმის შემთხვევაში გენერალი თავის სამხედრო ძალასთან ერთად ბათუმში განლაგდებოდა და ბათუმიდან ეცდებოდა თბილისზე შეტევას. ეს გეგმა შემდგომში ვერ განხორციელდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი მაზნიაშვილი 1937 წელს დააპატიმრეს.
სხვა ბრალდებებთან ერთად "ჩეკამ”, მისი პიროვნების დისკრედიტაციისთვის, ეროვნულ გმირს ბრალი, როგორც აფხაზეთის გენერალგუბერნატორს, მარადიორობასა და ქალების გაუპატიურებაშიც წაუყენა და აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემებიც მიაწერა.
"ეროვნული გვარდიის მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ის გენერალ მაზნიაშვილის დივიზიამ შეცვალა და ამ წუთიდან იწყება აფხაზეთის ტრაგედია. მაზნიაშვილის დივიზია განსაკუთრებული სიმკაცრითა და შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა. დივიზიის წევრები აფხაზეთის მშვიდობიან სოფლებში იჭრებოდნენ, ძარცვავდნენ მოსახლეობას და აუპატიურებდენენ ქალებს”…
ამგვარი ინფორმაცია დევს მაზნიაშვილის საქმეში.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საქმის ხელახალი გადახედვისას შემდეგი სახის დასკვნა დაიდო: გიორგი მაზნიაშვილი იყო სამეფო და მენშევიკური ხელისუფლების გენერალი; ბოლშევიკების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას ეწეოდა; მაზნიაშვილი საფრანგეთში გაქცეული ყოფილი მენშევიკური მთავრობის სამსახურში იდგა ყოველთვის; საბჭოთა ხელისუფლების დამხობას ცდილობდა და ამ მიზნით საფრანგეთის გენერალურ შტაბთან თანამშრომლობდა; მოლაპარაკებებს ეწეოდა აგრეთვე რუსეთის იმპერიის წარმომადგენელ ნიკოლოზ რომანოვთან; საბჭოთა საქართველოს მტრები სწორედ გიორგი მაზნიაშვილის მიერ იქნა შეფარებული და საფრანგეთში გამგზავრებული; გიორგი მაზნიაშვილმა პირობა მისცა საქართველოს ყოფილი მენშევიკური მთავრობის წარმომადგენლებს, რომ სამხედრო ინტერვეციის შემთხვევაში, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა. ამ ბრალდებებიდან გამომდინარე გენერალ გიორგი მაზნიაშვილს "ჩეკამ” სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა და განაჩენიც სისრულეში მოიყვანა.
რაც შეეხება გიორგი მაზნიაშვილის ვაჟის მოთხოვნას, მამის საქმის გადახედვის შესახებ, მას 1979 წლის 3 აპრილს ეცნობა, რომ გიორგი მაზნიაშვილი 1937 წელს დასაბუთებულად იქნა სიკვდილით დასჯილი და გაპროტესტების საფუძველი არ არსებობდა… – ამ დასკვნას ხელს პროკურორი ა. ბარაბაძე აწერს.
Category: საქართველოს ისტორიული დოკუმენტები და ნარკვევები | Added by: Giorgi (08-მაისში-10)
Views: 823 | Rating: 5.0/1 |
Total comments: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • Create your own site